გომელაურის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაური ბათუმში ჩავიდა და მისი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი. გომელაურმა ასევე განაცხადა, რომ , თუ დადგინდება, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია, ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის შესაბამისად დაისჯება.

„რაც მოხდა ყველამ ვნახეთ, მძიმე სიტუაციაა ნამდვილად. რამდენიმესადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ ნგრევა რამ გამოიწვია. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით, 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოქცეული

იყო რამდენიმე ვერსია. მათ შორის განიხილებოდა გაზის აფეთქების ვერსია. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება იყოს საყრდენი კედლის გამოცლა მიზეზი, თუმცა ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ მიზეზი ესაა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის საქმე აღძრული“, – განაცხადა გომელაურმა.