გონების დაკარგვის სამედიცინო მტკიცებულებები არ იქნა გამოვლენილი – პენიტენციური სააკაშვილზე

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, რომ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა, დაუკავშირდნენ კლინიკა ვივამედს.

უწყების ცნობით, სამედიცინო დაწესებულებიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ 25 მაისს ,01:31 სთ-ზე სააკაშვილთან გამოძახებული იყო მორიგე ექიმი, რომელსაც ექსპრეზიდენტმა განუცხადა, რომ გახდა შეუძლოდ -„დაკარგა გონება“, თუმცა, პენიტენციურის მტკიცებით, გონების დაკარგვის  სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილი.

“სააკაშვილს სხეულის გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ჰემოდინამიკური და სხვა ვიტალური პარამეტრები (არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, პულსოქსიმეტრია), შაქრის დონე სისხლში, ეკგ მაჩვენებლები – ნორმის ფარგლებშია. დამატებით კონსულტირებული იყო ნევროლოგის მიერ – მწვავე ნევროლოგიური პათოლოგია გამოირიცხა.

ჩატარებული კვლევების საფუძველზე, გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შეფასდა როგორც დამაკმაყოფილებელი, კვლევების შემდგომი გაღრმავება და მკურნალობის კორეგირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. გრძელდება დაკვირვება დინამიკაში.

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის განმავლობაში იყო კვლავ სტაბილური, ჩაუტარდა გეგმიური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა”,– წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.