ენმ–ს წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ თუ ჰესები არ აშენდება, ახლო მომავალში შესაძლოა ელექტროენერგია ქვეყანას არ ჰქონდეს.
“მზე, ქარი, მთვარე და სხვა მსგავსი ფინანსურად, ტექნიკურად და პოეტურად რთული საკითხები დროებით განზე რომ გადავდოთ, რომელმაც 30-50 წლის შემდეგ შეიძლება ითამაშოს მეტ-ნაკლებად საგრძნობი როლი ქვეყნის ენერგომომარაგებაში, ელემენტარული ამბავია, რომ დენი გვჭირდება დღეს და არც თუ ისე შორეულ მომავალში და ის არ გვექნება, თუ ახლა არ აშენდა რაიმე. რომ არ აშენდეს, უნდა ვიყიდოთ, ხომ? ამას ვალუტა სჭირდება და ვერავითარი ლარი წარმოქმნილ დეფიციტს ვერ გაუძლებს.
ფული რომ გქონდეს (არ გვექნება საკმარისი, ეს რომ ვიცოდეთ წინასწარ), ვიღაცისგან ხომ უნდა იყიდო? იქნება თუ არა გასაყიდი ახლო-მახლო ესეც საკითხავია და თუ მოგყიდიან, როგორ მიგაბამენ ეკონომიკურად და პოლიტიკურად, კიდე უფრო სხვა საკითხი”,– წერს გოცირიძე.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა ერთ ღილაკზეა დამოკიდებული, რომელზეც ოკუპირებულ გალის რაიონში რუსებს უდევთ ხელი.
“ენერგოდამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრებაო, უაპელაციოდ თქვეს და ეს საკითხიც გულუბრყვილოდ ჩამოწერეს. არ ემუქრება კი არა, არა გვაქვს დღეს ენერგოდამოუკიდებლობა. ჩვენი ეკონომიკა ერთ ღილაკზეა დამოკიდებული, რომელზეც გალში, სოფელ საბერიოში, რუსებს უდევთ ხელი და არ აჭერენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ინტერესებში ჯერ-ჯერობით ეს არ შედის. მუქთად ვამარაგებთ აფხაზეთს და ეს, მილიარდობით ლარის ღირებულების ელექტროენერგია, არის ხარკი, გადახდილი ჩვენი შეუფერხებელი ენერგომომარაგებისათვის”,– ამბობს გოცირიძე.
მისივე ინფორმაციით, ახლა საქართველო ენგურის გვირაბის ნაწილის რემონტისთვის 35 მილიონს ხარჯავს, წლების წინ კი დაზიანებული ფარის აღდგენა 45 მილიონი ევრო დაგვიჯდა.
გოცირიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ჩაბნელება ელემენტარულია, თუ ამის სურვილი გაუჩნდებათ, ამიტომ ჰიდროელექტროსადგურები უნდა აშენდეს.
“ყველა უბედურების სათავე, რაც გვჭირს, ეკონომიკაშია, დანარჩენი ფილოსოფიურ-ემოციური და სადღეგრძელოების მსგავსი მსჯელობაა( მინუს ნიშნით), რომ ეს ქართველების ბუნებაა, რომ ნიჭიერები კი ვართ, მაგრამ ზარმაცები, რომ ვართ გაუტანლები, რომ იმდენი პარტიაა ქვეყანაში, რამდენიც ამბიციური ადამიანი, რომ მიწაზე შრომა ( და ზოგადად შრომა) არ გვიყვარს და ასე შემდეგ. ყველგან ასე ამბობენ, სადაც მშპ ჩვენი ზომისაა.
როგორიცაა ბაზისი, ასეთივეა ზედნაშენი. ისე, დიდად რომ არ შევცვლივართ ამ ოცდაათ წელიწადში, ამას კარგად ვხედავთ. ან როგორ უნდა შევცვლილიყავით, როცა მშპ-ც დიდად არ შეცვლილა ამ ოცდაათ წელიწადში?”,– წერს გოცირიძე Facebook–ზე.