ვაშაძე უკრაინიდან საქართველოს ამჟამინდელი ელჩის შესაძლო გამოწვევის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ იცის, რომ ეს უკიდურესი ფორმაა.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში გამოჩენის ეშინია, რადგან თუ უკრაინის ხელისუფლებამ წარმატებებს მიაღწია, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, თუ რამდენად არაკვალიფიციური და არაპროფესიონალი მთავრობა გვყავს.
„უზარმაზარი სურვილი მაქვს DHL-ში ან Federal Express-ში სადმე ჩავდო კონვერტში ვენის კონვენცია დიპლომატიურ ურთიერთობებზე და გავუგზავნო ამ ხელისუფლებას იმიტომ, რომ კაციშვილს ეტყობა ეს არასოდეს არ უსწავლია არც ინსტიტუტში და არც მერე, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაინიშნენ არ ჩაუხედიათ შიგნით. საქართველოს ელჩი თავხედურად ერევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში და პრეტენზიას უყენებს იმაზე, რომ უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში უკრაინის ხელისუფლება, უკრაინის მოქალაქეს ნიშნავს ან ირჩევს რაღაც სახელმწიფო თანამდებობაზე.
ამას მხარს კიდევ უმაგრებს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები საქართველოში, რომლებიც გამოდიან და ზუსტად ასევე თავხედურად იმუქრებიან იმითი, რომ ამ ვითომდა ელჩს გამოიწვევენ უკრაინიდან. არც უფიქრდებიან იმას, რომ ელჩის გამოწვევა ომის წინა უკიდურესი ზომაა. ამის შემდეგ ცისფერი თვალებით გვიყვებიან იმას, რომ სტრატეგიულ მოკავშირეზე ვლაპარაკობთო. სამარცხვინოა ჩვენი საქციელი და პასუხიც საკადრისი მიიღეს კიევიდან. შეერთებულმა შტატებმა გაიწვია თავისი ელჩი უკრაინიდან ადრე და არ დანგრეულა და დიდი ბოდიში ეხლა ბატონი შარაშენიძის არ ყოფნას კიევში რამენაირად 45 მილიონიანი, ტერიტორიულად ყველაზე დიდი სახელმწიფო ევროპაში გადაიტანს.
ქართულ ოცნებას მართლა ეშინია მიხეილ სააკაშვილი რომ დაინიშნება ამ პოსტზე, თუ მას ექნება პოლიტიკური მხარდაჭერა შეიძლება უკრაინაში მოხდეს რეფორმების ტალღა და მყისიერი წარმატებას მიაღწიონ. ეშინიათ აგრეთვე იმისი, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამოჩნდება და ხალხი ნახავს, თუ რამდენად აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზოგადოება, რომელსაც წართმეული აქვს უფლება საქართველოში ცხოვრების და სურვილისამებრ პოლიტიკურ მოღვაწეობაში მონაწილეობის. თუ უკრაინაში იქნება წარმატება, კიდევ ერთხელ გამოაჩენს თუ რამდენად არაკვალიფიციური და არაპროფესიონალი მთავრობა გვყავს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშძემ.