პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ინტერპრესნიუსთან საუბრისას გრიგოლ ვაშაძის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ მისი პოზიცია სწორია, რადგან არსებობს სახელმწიფოებრივი რისკები.
ხუხაშვილის თქმით, ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვანია, მაგრამ „ამის პარალელურად ორი მონოლოგი დიალოგში უნდა გადავიდეს, რათა ყველამ ერთად კრიზისი გადავლახოთ“.
„გრიგოლ ვაშაძემ პრაქტიკულად ის პუნქტები გაიმეორა, რომელიც მე კრიზისიდან გამოსვლის საგზაო რუკის სახით „ფეისბუქის“ გვერდზე დავწერე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს შეთანხმება სახელმწიფოებრივი რისკების ფონზე ისე, რომ სახე არც ერთმა მხარემ არ დაკარგოს. ის, თუ რა ხდება პარტიაში, არ ვიცი და ეს მათი შიდა სამზარეულოა. საკუთარი პრობლემები თავად უნდა გადაწყვიტონ და თუ აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებით რაიმე პარტიული დისციპლინა დაირღვა, ეს ცუდია“, – უთხრა ხუხაშვილმა IPN–ს.
დღეს გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, პროცესი ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ, რასაც მისივე თანაგუნდელების და სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკა მოჰყვა.
ამის შემდეგ მან განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ მოქალაქეებმა პროტესტი უნდა გააგრძელონ, ოპოზიცია კი, თუ ქართულ ოცნებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, პარლამენტში არ უნდა შევიდეს.