გრიგოლ ვაშაძის შტაბის ყოფილი პიარტექნოლოგი მინსკში დააკავეს

გრიგოლ ვაშაძის შტაბის ყოფილი პიარტექნოლოგი, ვიტალი შკლიაროვი მინსკში დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “მედუზა.იო” რუსულ ტელეარხ “Дожд-“ზე დაყრდნობით ავრცელებს. არხის ინფორმაციის წყარო ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ვალერი ცეპკალოს შტაბის პრესსამსახურია.

არსებული ინფორმაციით, პოლიტტექნოლოგი ბელორუსიის პრეზიდენტობის კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას კამპანიაში მუშაობისთვის დააკავეს.

თუმცა, ივნისში “რადიო თავისუფლების” ბელორუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში, შკლიაროვმა უარყო, რომ იგი, თითქოსდა, ტიხანოვსკის პიარტექნოლოგია.

ბელორუსის სპეცსამსახურების ვერსიით კი, იგი კონსულტირებას უწევდა სოციალურ ქსელებში “ქვეყანა სიცოცხლისთვის” ქვეშ გაერთიანებული ჯგუფების ადმინისტრაციას.

ტიხანოვსკაია პრეზიდენტობაზე კენჭს მას შემდეგ იყრის, რაც მისი მეუღლე, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და ბლოგერი, სერგეი ტიხანოვსკი, მილიციელებთან ძალადობრივი ქმედების საფუძველზე დააკავეს.

შკლიაროვი ბელორუსში ივლისში აშშ-დან ჩავიდა. ის ალექსანდრე ლუკაშენკოს მკაფიო კრიტიკითაა ცნობილი.

2018 წელს შკლიაროვი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბშიც მუშაობდა.

ამას გარდა, ვიტალი შკლიაროვი მუშაობდა ანგელა მერკელის, ბარაკ ობამასა და ბერნი სანდერსის საარჩევნო შტაბებში.