უბერნატორების ადმინისტრაციების შენახვაში 2014-2022 წლებში 59 მილიონი დაიხარჯა, თანხის 69% ხელფასებში დაიხარჯა – ამის შესახებ ინფორმაციას, “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. 2014-2022 წლებში ამ ინსტიტუტის თანამშრომელთა ხელფასებში ბიუჯეტიდან 41 მილიონი დაიხარჯა, გაორმაგდა გუბერნატორების ხელფასებიც და 5 900 ლარი გახდა.
“საქართველოს 9 რეგიონში 9 გუბერნატორის ადმინისტრაცია ფუნქციონირებს. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად რწმუნებულ-გუბერნატორები საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა.
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობამ დადგენილება 2013 წელს მიიღო და დღემდე მასში ცვლილებები რამდენჯერმე განხორციელდა. კანონის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებული მთავრობის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიულ ორგანოთა საქმიანობას, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეული ღონისძიებების განხორციელებას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. ხოლო დებულების თანახმად, რწმუნებულ-გუბერნატორი შეიმუშავებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და მონაწილეობს რეგიონული განვითარების ღონისძიებებში, ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სპორტის განვითარებას, კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვას, კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების ურთიერთობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.
დღემდე დამკვიდრებული პრაქტიკით, რწმუნებულ-გუბერნატორის ინსტიტუტი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივ მთავრობებზე ზეწოლის ბერკეტია. გუბერნატორის ადმინისტრაციები მუნიციპალიტეტების არჩეული მერების საქმიანობაში ჩარევას ცდილობენ”, – წერია ორგანიზაციის ინფორმაციაში.