„გულისამრევი“ – ასე აფასებს შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, თბილისში განვითარებულ მოვლენებს. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში, ელჩი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობისგან მოელის არამარტო მომხდარის დაგმობას, არამედ ძალადობაში მონაწილე პირების დასჯას.
„მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა დაიცვას საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები. და ეს არ გაუკეთებიათ. პირიქით, მათ მოუწოდეს მარშის ორგანიზატორებს რომ გაეუქმებინათ ის. ეს მთავრობის ფუნდამენტური ჩამოშლაა. მთავრობის პასუხისმგებლობა იყო, უზრუნველეყო ადამიანების უსაფრთხოება, ვინც საკუთარ აზრს მშვიდად გამოხატავს“, – ამბობს იან კელი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.
ის აცხადებს, რომ მომხდარით, საქართველოს მეგობრები დასავლეთში, იმედგაცრუებულნი არიან.
“მთავრობა, და არა პრეზიდენტი, მარტოა ამ ბუნტის, ამ “პოგრომის” არ დაგმობის საქმეში. ეს იყო აბსოლუტურად გულისამრევი. [ვნახეთ] ჟურნალისტებზე თავდასხმა, ქონების განადგურება და პოლიციამ, როგორც მე მომეჩვენა, არაფერი არ გააკეთა. მთავრობამ ვერ შეასრულა მისი ვალდებულება, დაეცვა ადამიანების უსაფრთხოება, ვისაც მშვიდობიანად შეკრება სურდა და არაფერი გაუკეთებია ჟურნალისტების დასაცავად, რომლებსაც ქუჩაში სცემდნენ. ჯერჯერობით კვლავ არ მინახავს არაფერი მთავრობისგან, რომელიც გმობს ძალადობას. კარგია, რომ პრეზიდენტმა და საელჩოებმა მომხდარი დაგმეს. თუმცა ხალხი, რომელსაც საქართველოსი და მისი დასავლური სვლის ჯერა, ძალზედ იმედგაცრუებულია, რბილად რომ ვთქვათ. ჩვენ გულს გვირევს ის, რაც მოხდა“, – ამბობს კელი. „ვფიქრობ, ბევრია ვიდეო, სადაც ცემა, დაჭრა და საკუთრების ვანდალიზმი ჩანს. ეს ხალხი უნდა დააკავონ. თითოეული მათგანი“, – დასძენს კელი.
„ამერიკის ხმასთან“ საუბარში, მომხდარს აფასებს დეიმონ უილსონი, „ატლანტიკური საბჭოს“ ყოფილი ვიცეპრეზიდენტი და „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ მომავალი პრეზიდენტი. ისიც იმედოვნებს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.
„მე შთაგონებული ვარ ქართულ საზოგადოებაში მარგინალიზებული ადამიანების გამბედაობით და მისწრაფებით, დაიცვან მათი უფლებები და ღირსება. საქართველოს მეგობრები დგანან ადამიანის უფლებების დამცველების და ჟურნალისტების გვერდით, რომლებსაც თავს ესხმოდნენ და აშინებდნენ „თბილისი პრაიდზე“. მე ვუერთდები ქართველების მოწოდებებს, მათი მთავრობის მიმართ, რომ სასამართლო წესით პასუხი აგებინოს მათ, ვინც ძალადობა ჩაიდინა ან ძალადობისკენ მოუწოდა და დაიცვან მათივე მოქალაქეები“, – ამბობს დეიმონ უილსონი. “იმ ქართველების მსგავსად, რომლებიც თვლიან, რომ სუვერენული საქართველო საუკეთესო გზაა მათი ხვედრის განსასაზღვრად, როგორც ერისა. ისევე როგორც ქართველები, რომლებიც მონაწილეობას გეგმავდნენ მშვიდობიან მარშში ღირსებისთვის, თვლიან, რომ დემოკრატიული საქართველო საუკეთესო გზაა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაიცვან თავიანთი ინდივიდუალური თავისუფლებები“, – ამბობს ის.
მთავრობის პასუხისმგებლობასა და უმოქმედობაზე საუბრობენ სხვა მიმომხილველებიც.
„მეჩვენება, რომ შიდა მიზეზებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აჩვენოს დასავლეთს, რომ ქვეყანა არაა მზად იყოს დასავლეთის პარტნიორი და ნაწილი“, – ამბობს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თოომას ჰენდრიკ ილვესი, თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან. „ეს საკითხი ხშირად ხდება განხილვის საგანი. არ შეიძლება ამბობდე, რომ მინდა ვიყო ევროპელი, და არ მოიქცე როგორც ევროპელი“, -განმარტავს ის.
ის აცხადებს, რომ „საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“.
„თუ საქართველოს სურს, რომ ევროკავშირმა ის სერიოზულად აღიქვას, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხალხმა ვინც პასუხისმგებელია მომხდარზე კანონის წინაშე, პასუხი აგოს და არ უნდა გაამართლოს ძალადობა, ნებისმიერიო სახით, როცა ქვეყნის სათავეში არიან“, – აცხადებს ილვესი. „თუ საქართველო არ აღძრავს საქმეებს ამ ხალხის წინააღმდეგ, ეს იქნება აღქმული, როგორც მაჩვენებელი იმისა, რომ ისინი ამ ჯგუფებთან ერთად მოქმედებენ და ძალადობას ხელს უწყობენ“, – დასძენს ის.
მკაცრი იყო ასევე სხვა მიმომხილველების შეფასებებიც. ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა, დევიდ კრამერმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა.
„საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა, არამარტო იმიტომ, რომ მათ არ დაგმეს ის რაც მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყვეს მას. ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს“, – აცხადებს დევიდ კრამერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.
„ჩვენ [შეერთებულ შტატებში] უნდა მოვითხოვოთ ღარიბაშვილის გადადგომა და სანქციები იმათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს საქართველოში ვიხილეთ“, – აცხადებს ის.
წყარო: ამერიკის ხმა