“ჩამოვედი პოლონეთი-უკრაინის საზღვრიდან.
1. გაოგნებული ვარ უკრაინელების განწყობით, დისციპლინით, მორიდებულობით, უპრეტენზიობით და მადლიერების გრძნობით პატარა დახმარებაზეც კი. სავსე იყო საზღვრებიც, განაწილების პუნქტებიც პატარა ბავშვებით და არსად იყო ხმაური, ტირილი, ქაოსი. შუა ღამესაც კი ბავშვები მორჩილად, წიწილებივით მიყვებოდნენ დედებს. იყო მძიმე შემთხვევები, როცა დედებს ბავშვები გადმოჰყავდათ, უშვებდენ სადმე ნათესავებთან და უკან ბრუნდებოდნენ ქმრებთან. არასდროს დამავიწყდება ამ ბავშვების სევდიანი, მაგრამ მორჩილი თვალები. იქით დედებს აწყნარებდენ.
2. სრულიად აღფრთოვანებული ვარ პოლონეთის მოქმედებებით, როგორც ადამიანურ დონეზე, ასევე სახელმწიფოს დონეზე. საათივით აწყობილი დახვედრის, დახმარების, გადანაწილების სისტემა. ჩამოდგამდა თუ არა ფეხს უკრაინელი, ხვდებოდათ კალიასკები, უფასო ინტერნეტი, სიმკარტები, ჰიგიენის საშუალებები, საჭმელი, საბნები, ავტობუსები, მომღიმარი პოლიციელები, სამხედროები, მოხალისეები. მთელი პოლონეთი მოცულია უკრაინით და მათი დახმარებით. ვარშავაშიც კი როცა დადიხარ, ყველგან უკრაინაა, ყველგან უკრაინის დახმარებაა. როგორც სახელმწიფომ, პოლონეთმა აჩვენა საოცარი სახე, მორალურად და პრაგმატულად. ამ ცინიკურ და გულგრილ სამყაროში უცებ ამოიფრქვა სოლიდარობის, ზრუნვის, სიკეთის, თანადგომის უდიდესი ენერგია.
3. გაოგნებული ვარ, რა სამარცხვინოდ გამოვიყურებით საქართველო. იმ უამრავ ორგანიზებულ კარავში თუ დახმარებაში არსად ჭაჭანებს საქართველო. მეტიც, აქეთ გამოხედვის ეშინიათ და გული სავსე აქვთ წყენით ჩვენ მიმართ. ასეთი ისტორიული მომენტები ძალიან იშვიათია და ამ იშვიათ მომენტში ჩვენ ვართ სამარცხვინო მხარეს.
4. “ჩვენ ჩვენი მთავრობა არავართ” პოზიცია პირველ ეტაპზე ნამდვილად შედგა, მაგრამ ნურავინ დავიმშვიდებთ თავს მაგითი. ჩვენ ჩვენი მთავრობა ვართ და პასუხს ვაგებთ მათ სამარცხვინოობაზე, სანამ ისინი არიან სათავეში. უკრაინის დროშის დაკიდება კარგია და აუცილებელი, მაგრამ ის აღარ რეცხავს იმ სირცხცილს, რომ ვიტანთ ამ მთავრობას. ერთადერთი და აუცილებელი ჩვენი ამოცანა არის ამ მთავრობის მოშორება. მორალური და პრაგმატული სიმძიმე ამ ვითარებაში ამ დაჯგუფების ატანის არის უდიდესი. იქ კვდება ხალხი, იქ ყრიან ხალხს სახლებიდან, იქ უბედურება ტრიალებს და ამ უბედურებას ის ხალხი შეხვდა ღირსებით. ჩვენ უღირსად. ეს მთავრობა უნდა შევცვალოთ!”
წერს პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია Facebook-ზე.