გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ განიცადა რეპუტაციული ზიანი – ევროპარლამენტარი

გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ განიცადა რეპუტაციული ზიანი, ახლა ვითარების გამოსწორებისა დროა, – ეს განცხადება ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა ევროპარლამენტარების მონაწილეობით გამართული ონლაინ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს მიერ პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენისა და რეფორმების გატარების თემას მიეძღვნა.

„ამ საკითხს განვიხილავთ არა იმისთვის, რომ გავაკრიტიკოთ საქართველო, არა იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით უკანასკნელ პერიოდში, არამედ იმისთვის, რომ გამოვიტანოთ კონკრეტული დასკვნები და ვისწავლოთ ამ ვითარებიდან, რათა მოვემზადოთ მომავალი პროცესებისთვის, რომელშიც შეიძლება გახდეს ჩვენი ჩართულობა საჭირო, მსგავსი საკითხების გადაჭრისას.

პოლიტიკური პრობლემები პოლიტიკური გზით უნდა გადაწყდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვაკვირდებოდით ევროკავშირის ეფექტურ მონაწილეობას მედიაციის პროცესში. ევროკავშირის ჩართულობა კრიზისის გადაჭრის პროცესში უპრეცედენტო იყო. ასევე, ძალიან ლოგიკური და პროპორციული იყო ევროკავშირის მიერ შეთავაზებული შეთანხმების დოკუმენტი. რა გაკვეთილები შეიძლება გამოვიტანოთ ამ ვითარებიდან: პირველ რიგში, ევროკავშირმა გასწია იმაზე მეტი ძალისხმვა, ვიდრე ამას სტრატეგიული პარტნიორობა და ინსტიტუციური შესაძლებლობები მოითხოვდა.

მეორე, ინიციატივები, რომლებიც წარმოდგენილი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ და მისი პერსონალური ჩართულობა იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მიმართულებით.

მესამე, ევროკავშირის ინსტიტუციებს ჰქონდათ ძალიან კონსტრუქციული კოორდინაცია, რომელიც დაფუძნებული იყო საერთო პოზიციაზე. ევროპული პარლამენტის წევრები ჩართულები იყვნენ პატარა საკოორდინაციო ჯგუფებში და ჰქონდათ ძალიან საფუძვლიანი აღქმა ვითარების და ეს ჯგუფი ძალიან საჭირო იყო ამ ვითარების მოგვარებისთვის. კიდევ ერთი, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების თანამშრომლობა, ასევე, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ამ პროცესში, მეხუთე, ეს ძალიან რთული პროცესი იყო და ჩვენ უნდა ვაღიაროთ ღიად და გულწრფელად, რომ საქართველომ განიცადა რეპუტაციული ზიანი. ახლა ვითარების გამოსწორებისა და შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაციის დროა. უნდა აღვნიშნო, რომ ეს დიდებული მომენტია საქართველოსთვის და მან ხელიდან არ უნდა გაუშვას ეს შესაძლებლობა,“- განაცხადა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.