გუნდი არის ერთიანი როგორც არასდროს და ეს ჩანს ყველაფრიდან – კობახიძე

“გუნდი არის ერთიანი როგორც არასდროს და ეს ჩანს ყველაფრიდან” – ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია არის ერთიანი, როგორც არასდროს.

“გუნდში ხდება მარტივი რამ, გუნდი არის ერთიანი როგორც არასდროს და ეს ჩანს ყველაფრიდან… გუნდი რომ ერთიანია, ეს ჩვენ დავამტკიცეთ გასული ერთი წლის განმავლობაში. გვქონდა ძალიან რთული ერთი წელიწადი. იყო სერიოზული გამოწვევები, პოლიტიკური პროცესი იყო, ასეთი რთული ერთი წელი გასულ 30 წელიწადში არც მახსოვს, გვქონდა სერიოზული გამოწვევები და ჩვენ გვჭირდებოდა სერიოზული ბარიერების გადალახვა. გუნდი ერთსულოვანი და ერთიანი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქართული ოცნების გუნდი დატოვა მისმა უპირობო და ერთპიროვნულმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალი.

ასეთ დროს, როდესაც განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალის მქონე ლიდერი ტოვებს გუნდს, ერთადერთი, რამაც შეიძლება დააბალანსოს ეს დანაკლისი, არის გუნდის ერთიანობა. ჩვენ ამ ერთ წელიწადში დავამტკიცეთ, რომ გუნდი არის ერთიანი. სწორედ ამის წყალობით მოვახერხეთ მუნიციპალურ არჩევნებში ისეთი შედეგის ჩვენებას, რომელსაც ჩვენი ოპონენტები არ ელოდნენ”, – თქვა კობახიძემ.