გურიაში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ერთი პირის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.
მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე.
“გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.
ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარი და 1 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები. ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი და ერთი მოზარდის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს,” – ნათქვამია განცხადებაში.