მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა – ცოფის პრევენციის მიზნით, ვაქცინირებულია 770 ცხოველი,- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა (ლაბორატორიული კვლევის ოქმი #5408 – 05.08.2024; #5522 – 08.08.2024). დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, კომპეტენციის ფარგლებში, ჩაატარა დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებები.
ცოფის პრევენციის მიზნით, ვაქცინირებულია 770 ცხოველი, ჩატარდა დეზინფექცია, ცხოველთა ჯანმრთელობაზე მიმდინარეობს სისტემატური მონიტორინგი. არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადაეგზავნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის ჯანდაცვის სამსახურს.
მიმდინარე წელს, დღეის მდგომარეობით, ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით ჩაუტარდა 185 000 შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი, კატა), მათ შორის, კახეთის რეგიონში ვაქცინირებულია 27 300 ძაღლი და კატა. სააგენტოს მიერ განხორციელებული ვაქცინაცია არის უფასო და გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით 2013 წლიდან ახორციელებს. ფიზიკური ან იურიდიული პირის (მათ შორის, ცხოველთა თავშესაფარი) მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს პათოლოგიური მასალის უფასო ლაბორატორიულ კვლევას.
პროფილაქტიკის მიზნით, ყოველწლიურად სურსათის ეროვნული სააგენტო 300 000 სულ ძაღლსა და კატას ცრის, რის შედეგადაც, 2012 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევები ცხოველებში 80%-მდეა შემცირებული.
სააგენტოს მიერ ცოფის საწინააღმდეგოდ განხორციელებული ღონისძიებები ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WOAH) დადებითად შეაფასა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.