დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი – სააკაშვილი

“გუშინწინდელი დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა.

„გუშინწინდელი დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში.იმიტომ, რომ თუ ჩვენ მომავალშიც შევიქმნით ილუზიას, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი და ამ კანონებს და სახელმწიფოს უნდა დავემორჩილოთ ჩვენ, თავსაც ვიტყუებთ და პრაქტიკულად ხელს ვუწყობთ ივანიშვილს ჩვენი სახელმწიფოს ბოლომდე დასამარებაში.ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ ამ “სახელმწიფოს” მიმართ, ნებისმიერი დაუმორჩილებლობის აქტი, რა თქმა უნდა, ცივილიზებულობის ფარგლებში ისე, რომ არავის სხვა მოქალაქეებს არ შევუქმნათ პრობლემები, არის ჩვენი არა მხოლოდ უფლება, არამედ, მოვალეობა თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს მომავალი ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის – გვინდა მომავალი? ჩვენ უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ შევასრულებთ შეზღუდვებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ. ჩვენ არ გადავიხდით მათ ჯარიმებს, რომელსაც თავის თავს არ უწერენ. ჩვენ არ შევასრულებთ მათ რეგულაციებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ. ჩვენ არ დავემორჩილებით მათ სასამართლოებს, რომელიც მხოლოდ მათ სასარგებლოდ განსჯიან. ჩვენ არ შეგვეშინდება არც მათი რეპრესიების, მათ შორის არც მათი დაჭერების, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სულ უფრო ბევრი და ყველას ნამდვილად ვერ დაიჭერენ და ყველას ვერ დაარეპრესიებენ – ჩვენ ასე გადავტეხავთ ხერხემალში მათ სისტემას, რომელიც ეფუძნება სრულ უკანონობას და ნამდვილ ყაჩაღობას!“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.