“გუშინ დამტესტეს და დღეს მითხრეს რომ პასუხი დადებითია“–ზურაბ ჯაფარიძე მიშელთან შეხვედრას კორონავირუსის გამო ვერ ესწრება

გირჩი–მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრას ვერ დაესწრო. მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქზე წერს. მისი აზრით ქართული ოცნების მიერ შეთანხმების დარღვევის შემდეგ ხელისუფლებასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაგრძელება არასწორი იქნება და მათი მხრიდან საჭიროა დაფიქსირებდეს, რომ ოცნების მმართველობის პირობებში საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკურ გეზს.

“პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრას ვერ ვესწრები. შეხვედრაზე დასწრების წინაპირობა იყო PCR ტესტი.

გუშინ დამტესტეს და დღეს მითხრეს რომ პასუხი დადებითია.

არანაირი სიმპტომი არც მქონია, არც მაქვს, მაგრამ გასაგებია რომ შეხვედრაზე ვერ მოვხვდები
რის თქმას ვაპირებდი შეხვედრაზე:

მას შემდეგ რაც ევროკავშირის შეფასებით ოცნებამ დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების მათივე შეფასებით ყველაზე პრინციპული მუხლი – მართლმსაჯულების ნაწილი, ამ ხელისუფლებასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაგრძელება business as usual, იქნება ფუნდამენტურად არასწორი.

ევროკავშირის მხრიდან საჭიროა დიაგნოზის საჯაროდ და ზუსტად დაფიქსირება, ყოველგვარი ზედმეტი დიპლომატიურობისა და ენის მოჩლექის გარეშე – რომ ოცნების მმართველობის პირობებში საქართველომ გადაუხვია ევრო-ატლანტიკურ გეზს.

არც მეტი, არც ნაკლები.

ამ გზავნილის გაგონება მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სჯერა რომ ოცნება პროდასავლური ძალაა.

ასევე, ოცნებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი ევროკავშირის და აშშ-ს გადაგდებისთვის.

სხვა შემთხვევაში ოცნება კიდევ უფრო გათავხედდება. ასეთი ფასი შეიძლება იყოს ინდივიდუალური სანქციები. დასასანქცირებელი ხალხის ნაკლებობას არ განვიცდით
ნებისმიერი სხვა ნაბიჯი პრეზიდენტ მიშელის მხრიდან, მათ შორის მცდელობა ხელახლა დაჯდეს ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან, ისე რომ ოცნებას წინა გადაგდებისთვის არ ჰქონდეს გადახდილი სათანადო ფასი, იქნება ფუნდამენტური შეცდომა, კიდევ უფრო გააველურებს ხელისუფლებაში მყოფ ძალას და ბევრად უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდებს ქვეყანას, ანუ, ეს ფულის მონა ტყიურები მაინც ვერ შეათრევენ ამ ქვეყანას რუსეთის უკანალში, ამის გარანტიას ვიძლევი.

უბრალოდ მაინტერესებს ამ ბრძოლაში უნდა მქონდეს თუ არა ევროკავშირის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების იმედი.არაფერი სხვა ამ შეხვედრიდან მე არ მაინტერესებდა“. – წერს ზურაბ ჯაფარიძე