გუშინ ვნახეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტურმის მცდელობა – გიორგი გახარია

ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა – ხალხის, რომელზეც დღეს დგას ეს ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება, რაზეც სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ყველა, ვინც აქ ვართ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ვებრძვით ერთდროულად პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონში ომს და ვცდილობთ, პროცესის შემდგომი დემოკრატიზაციის ხარისხი გავზარდოთ. ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. 31 ოქტომბერს, პანდემიის პირობებში, როდესაც რეალური რისკი არსებობდა, საქართველოს მოქალაქე ადგა, მივიდა არჩევნებზე და მისცა ხმა. თან მივიდა ისე, რომ ეს იყო გლობალური პანდემიის პირობებში მსოფლიოში ჩატარებული არჩევნების დროს აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და 2016 წლის არჩევნების აქტივობაზე მაღალი მაჩვენებელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ რაოდენობის მოქალაქე მივიდა, ხმა მისცა და თქვა, რომ 9 პარტიას ვაძლევ მანდატს იმისთვის, რომ ეს ხალხი პარლამენტში შევიდეს. ჩვენ გონიერი ხალხი ვართ და ყველას კარგად გვესმის, რომ ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქემ ჩვენ ყველას, იმ 9 პარტიასაც, დაგვავალა, ქვეყანას მიხედეთ, ქვეყანას მოუარეთ და ეს რომ დაგვავალა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იგულისხმა, მოუარეთ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს და ეს ყველაფერი ისე გააკეთეთ, რომ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესი არ გააჩეროთ. ეს იყო დავალება. რა დავინახეთ ჩვენ გუშინ. ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ჩვეულებრივი მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტურმის მცდელობა და რაც მთავარია, პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა – ხალხის, რომელზეც დღეს ფაქტობრივად დგას ეს ქვეყანა და სხვადასხვა მიმართულებით კრიზისებთან ბრძოლა. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს და ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის ამოცანა – სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.