”გუშინ რომ გმობდით ნატა ფერაძეს, ეს რა ჩაიდინაო ახლა ალბათ ქებას დაუწყებთ.. რამდენი იფარისევლა ოპოზიციამ” – ამის შესახებ, ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.
”გუშინ რომ გმობდით ნატა ფერაძეს, ეს რა ჩაიდინაო (პარტია-პოლიტიკოსებს ვგულისხმობ) ახლა ალბათ ქებას დაუწყებთ, სტალინის ხატის გატანა თუ “გადახატვა” რომ მოსთხოვა საპატრიარქომ მის “ავტორებს” ანუ “პატრიოტთა ალიანსს”.
რამდენი იფარისევლა ოპოზიციამ, ანთო ორმეტრიანი სანთლები და ემთხვია ხელებზე პატივცემულ მღვდლებს, მაგრამ საარჩევნოდ მაინც ვერ მოიგო მათი გული. ვერც მოიგებენ. მათი გულების მოგებას სჭირდება ფული, რაც ოპოზიციას არა აქვს.
ოპოზიციური პარტიების( გარდა ერთი-ორი გამონაკლისისა) დამოკიდებულება ნატა ფერაძის მოქმედებასთან დაკავშირებით იყო სამარცხცინო.
აქვე შეგახსენებთ, რომ არა მხოლოდ პოსტებითა თუ კომენტარებით, არამედ ოფიციალურად, პარლამენტის დროშებიანი ტრიბუნის ფონზე მხარდაჭერა გამოვუთქვი ნატა ფერაძეს და მოვიწონე მისი საქციელი. მედიას მგონი დიდად არც შეუწუხებია თავი ამის გაშუქებით.”-წერს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, 9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მატრონა მოსკოველის ხატს, ლურჯი საღებავი შეასხეს. მომხდარმა საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ფაქტს ასევე გამოეხმაურა ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეშვილი რომელმაც, ფეისბუკზე დაწერა, რომ „ეკლესიაში ღვთისმსახურება არის მნიშვნელოვანი“ და „სიკეთე, პატივისცემა, თავმდაბლობა და ერთმანეთის სიყვარული … ოჯახი, სამშობლო არის ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი!“.
10 იანვარს, ნატა ფერაძის სახლთან პრორუსული, ძალადობრივი მოძრაობა ალტ-ინფომ აქცია გამართა. ისინიმატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმას აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
საქართველოს საპატრიარქომ დღეს, 10 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია – “სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ”. საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს.