“მსჯავრდადებულ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებული გაუგებარი ინციდენტის გაუბრალოებითა და გადაფარვით დაინტერესებული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ თითქოს, გასარკვევია, ნამდვილად მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს თუ უბრალოდ რაიმე ედო წინდაში და შემთხვევით შემოჰყვა.

ფაქტი ჯიუტია, ჩვენ ვიყავით და ვართ ჩვენი პირობის ერთგული, შევუშვით პოლონელი ექიმები და გავატანეთ მათ ასევე ოფიციალურად აღებული ნიმუშები. თუმცა, მოგვიანებით, ვიხილეთ ექიმის მიერ, ყველა წესის დარღვევით, მსჯავრდადებულისგან აღებული ნიმუშების ფეხსაცმლის მეშვეობით მალულად გატანის მცდელობა.

საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დამატებით, გეტყვით, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მსჯავრდადებულისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. ამ ეტაპზე მეტ დეტალებზე არ ვისაუბრებთ.
ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისა და საზოგადოების მოტყუებისგან”,

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პოლონელ ექიმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.