ეს დაავადება ყველამ უნდა მოიხადოს – ლევან რატიანი კორონავირუსზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მისთვის, ისევე როგორც წამყვანი მეცნიერებისთვის სამყაროში, უცნობია ახალი კორონავირუსის „სტრატეგია“, თუმცა ნათელია, რომ დაავადება ყველამ უნდა მოიხადოს.

„ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, ეს ვირუსი, დღეს არსებულმა კაცობრიობამ – 80%-მა აკლინიკური ფორმით, 20% მოვიხდით საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით“, – ამბობს რატიანი.

მისივე თქმით, დაავადებისგან გამოჯანმრთელების პერიოდი და სირთულე ინდივიდუალურია და 2 ფაქტორზეა დამოკიდებული.

„შეიძლება ვიყოთ მტარებელი და არ ვიყოთ დაავადებული. ამიტომ გააჩნია, ორგანიზმს რა განწყობა გააჩნია. ყველაფერი დაავადების შესახებ არის ინდივიდუალური … დაავადების გამოსავალი დამოკიდებულია 2 რამეზე – სომატური პათოლოგია და ფსიქოლოგიური განწყობა. ამიტომ ვიყოთ რაც შეიძლება კარგ ფსიქოლოგიურ განწყობაზე“,- განაცხადა რატიანმა.

ის იმედს გამოთქვამს, რომ ბცჟ ვაქცინაციის გამო, ახალი კორონავირუსის პანდემია საქართველოში მსუბუქი ფორმით გადაივლის.

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 195 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 39 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4708 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370 პაციენტი.