საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დააკავეს კაცი, რომელმაც 563 ცალი 1-ლარიანი მონეტა დაამზადა და გაანაღდა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად დაამზადა 563 ცალი 1-ლარიანის ფორმისა და ზომის მონეტა, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გამოყენებით, ჩარიცხა თავისი მეუღლის ანგარიშზე, საიდანაც შემდგომში მოხდა მისი განაღდება.
ბრალდებული დაკავებულ იქნა უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 30 ცალი კუსტარულად დამზადებული მონეტა და აღნიშნული მონეტების დასამზადებლად განკუთვნილი მოწყობილობები”,– აცხადებს უწყება.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.