პარტია გირჩი აცხადებს, რომ ვირუსთან ბრძოლა ხელისუფლების პოლიტიკურ იარაღად იქცა.
გირჩის საგანგებო განცხადებით, “თუ ადრე მოსახლეობაზე მზრუნველობის მოტივით ადამიანების დევნა, მმართველი პარტიის რეიტინგის ზრდას ემსახურებოდა, ახლა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით გამოიყენება”.
მათი თქმით, შეზღუდვები ანადგურებს ეკონომიკას და ვერ ახდენს პოზიტიურ გავლენას ინფექციის გავრცელებაზე.
გირჩი მთავრობას მოუწოდებს, არ მიიღოს არცერთი შემზღუდავი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ოპოზიციის აქციაში ხელის შეშლად იქნას აღქმული.
“ასეთი მიდგომა არ აძლევს ადამიანს შესაძლებლობას გამიჯნოს, თუ რა არის ნამდვილი თავდაცვის საშუალება და რა არის პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილი.
მოვუწოდებთ და ვურჩევთ მთავრობას, არ მიიღოს არცერთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია დაანონსებულ შეზღუდვებთან და რაც შეიძლება აღქმული იყოს 8 ნოემბრის პოლიტიკური აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლად. პოლიტიკურ ოპოზიციას და ოპოზიციურ მედიას ვურჩევთ, გაემიჯნონ ვირუსთან შეზღუდვებით ბრძოლის სტრატეგიას და დაუჭირონ მხარი იძულებითი შეზღუდვების დაუყონებლივ გაუქმებას და ქვეყნის საზღვრების გახსნას”,– წერია გირჩის განცხადებაში.
პარტია საზოგადოებას მოუწოდებს, თუ მთავრობა შეზღუდვებს დააწესებს, არამარტო გაყალბებული არჩევნების, არამედ “ანტივირუსული” ქმედებების წინააღმდეგაც გამოვიდნენ.
“მთავრობის მიერ შეზღუდვების არ მოხსნის და დაანონსებული ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემთხვევაში, მოგიწოდებთ ყველას 8 ნოემბერს არა მხოლოდ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, არამედ მთავრობის “ანტივირუსული” ქმედებების წინააღმდეგაც გამოვიდეთ, რომლებმაც ამ უმძიმესს სიტუაციამდე მიგვიყვანა”,– აცხადებს გირჩი.