“დააწვინეს და ზურგში ესროლეს” – ზუგდიდში მამა-შვილი სავარაუდოდ პოლიციელებმა დაჭრეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მამა-შვილი, სავარაუდოდ, პოლიციელებმა დაჭრეს. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მათ ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ. ფაქტს ადასტურებს დაჭრილების ოჯახის წევრი. დაჭრილის დედის განცხადებით, მის შვილს და მეუღლეს კონტრაბანდული სიგარეტი ნამდვილად ჰქონდათ, თუმცა მათ პოლიციამ გაფრთხილების გარეშე ესროლა, შემდეგ კი ორივეს ფიზიკურად გაუსწორდა.

” გამოძიება მიმდინარეობს, ვნახოთ რაც იქნება. ჩემთვის მთავარია ჩემი შვილი დადგეს ფეხზე. ოთხი იყვნენ. განსხვავებაა კრიმინალსა და კონტრაბანდას შორის, კარგი, იყო კონტრაბანდისტი, კრიმინალივით რატომ ექცევი. ცემას, ტყვიის სროლას, შეურაცხყოფას, ორივეს, მამას და შვილსაც ტყვია აქვს მოხვედრილი. პირდაპირ, დააწვინეს და ზურგში ესროლეს, სად იყო გაფრთხილება, არანაირი გაფრთხილება.

მიახტა ბავშვს, დააგდო მიწაზე და დამიზნებით ესროლა. მთელი სოფელი იცნობს ჩემს შვილს. ორი ყუთი სიგარეტი ჰქონდათ, ვამბობ ამას. არ გვაქვს საშუალება. ვართ მრავალშვილიანი, არავინ გვეხმარება. თავის გადასარჩენად, ჩემმა შვილმა წამოიღო ორი ყუთი. არაკანონიერი იყო პოლიციის მოქმედება. გაფრთხილების გარეშე იმოქმედეს,” – განაცხადა ხათუნა ოკუჯავამ რუსთავი 2–თან საუბრისას.

ზუგდიდის საავადმოყოფოს ინფორმაციით, დაჭრილების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.