უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი კომენტარს აკეთებს ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის შედეგად ოკუპანტების განდევნის შემდეგ დაფიქსირებულ ფაქტებზე, როცა უკრაინულმა საგამოძიებო ორგანოებმა საქმეები აღძრეს იმ ადამიანებზე, ვინც ოკუპანტებთან თანამშრომლობდა. მათ შორის სკოლის მასწავლებლებზე, რომლებიც ბავშვებს რუსული პროგრამით ასწავლიდა. არესტოვიჩი ამბობს, რომ კოლაბორაციონისტებისა და რუსეთიდან უკრაინაში ოკუპაციის შემდეგ ჩასული სხვადასხვა სპეციალისტების მიმართ დამოკიდებულება უმკაცრესი იქნება:
“კოლაბორაციონისტებმა და რუსეთიდან ჩამოსულმა მთელმა ამ სპეციალისტებმა, მთავრობის წევრებმა, ვისაც ისინი ნიშნავენ, ყველა ამ მასწავლებლებმა, საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა, უნდა იცოდნენ, რომ ისინი არ არიან კეთილი დეიდები გლობუსით იღლიაში, რომელსაც ბავშვს ჩუქნიან. ისინი დამნაშავეები არიან და მათ მიმართ არანაირი სენტიმენტები არ იქნება.
უკრაინა შეიცვალა. სენტიმენტები კოლაბორანტების და უკუპანტების მიმართ არ იქნება. ეს დეიდები და ბიძიები ციხეში ჩასხდებიან.
განსაკუთრებით ეს ჩვენებს ეხება. მოღალატე მოღალატეა. მათ მივმართავ, საუკეთესო, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, დაახვიეთ თქვენს საყვარელ რუსეთში, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი ამინდებია, რომ გელით ან სიკვდილი ან ციხე. და თანაც თუ ახლადგათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამ კოლაბორაციონისტების მეზობლების რეაქციებს გავითვალისწინებთ, ხელისუფლებამ შეიძლება ვერც მოგისწროთ, რომ ციხემდე მიგიყვანოთ, ხელისუფლებამ შეიძლება საერთოდ სიტუაციაში ჩარევაც ვერ მოასწროს.
ძალიან მარტივი რამე უნდა გაიგოთ, დეიდებო, ბიძიკოებო და სპეციალისტებო, რომლებიც აქ ჩამოხვედით – აქ რუსეთი არ იქნება.არც იზიუმში, არც კუპიანსკში, არც ხერსონში, დონეცკში, ლუგანსკში, სევასტოპოლში.
კოლაბორანტების გარდა, რუსეთის მოქალაქეებმაც უნდა გაიგონ, რომლებიც აქ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადმოსახლდნენ, ყირიმში ცხოვრობდნენ,თვლიდნენ, რომ თავს აქ ისე მყუდროდ გრძნობდნენ როგორც სახლში და ა.შ. ბავშვებო, მორჩა, ხუმრობა დამთავრდა. დამარცხებას უნდა მიეჩვიოთ. მიეჩვიოთ აზრს დამარცხების შესახებ. მესმის, ახლა მძიმე შოკია რუსეთის ბევრი მოქალაქისთვის, რომლებმაც დაუჯერეს პუტინს, დაიჯერეს რომ რუსეთის არმია დაუმარცხებელია. დაუჯერეს პროპაგანდას, მაგრამ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ის დამარცხებადია, თანაც როგორ…
თქვენ ყველამ ჯობს იფიქროთ, როგორ ჩაალაგოთ სწრაფად ჩემოდნები და დაახვიოთ ყირიმიდან ყირიმის ხიდით, და ყველა სხვა ტერიტორიიდანაც, დონეცკში და ლუგანსკში, სადაც ხალხს სახლებს ართმევდით, იმიტომ რომ არავინ თქვენთან ხუმრობას არა პირებს. არც ისინი, ვისაც სახლები წაართვით, არც ისინი, ვინც იქ ცხოვრობდა და სიცილ–კისკისით სარდაფებში გაგზავნეთ და არც ისინი, ვინც მაგ ტერიტორიების გასათავისუფლებლად იარაღით ხელში მოვა.
ამიტომაც, შეგახსენებთ, რომ კოლაბორაციონისტების ბედი მდიდარი, უკიდურესად ცივლიზებული და ჰუმანური ევროპის ისტორიაშიც ყოველთვის და ყველგან სევდიანი იყო.
ყველა აქ ჩამოსული, მოღალატეები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ რუსეთი უკრაინაში სადღაც სამუდამოდ არის – შეცდა.რუსეთმა ეს ომი წააგო. პუტინის ჯარი თვითონ წავა, ან სამუდამოდ დარჩება უკრაინის მიწაში.
შეეგუეთ ამ აზრს და გაიგეთ ძალიან ცხადად, რომ რუსეთის სამხედრო მარცხის შესაძლებლობა ეს უკვე არ არის შორეული პერსპექტივა. ჩვენი ერთი–ორი ოპერაციის შემდეგ უკვე კარგად გასაგები უნდა იყოს თქვენთვის, რა ბედი გელით. დაახვიეთ აქედან სანამ გვიან არ არის, იმიტომ რომ ან ციხეში აღმოჩნდებით, ან მიწაში–ორი ვარიანტია.
ნებაყოფლობით მისულები რუსული პასპორტებით, ვინც აქტიურად უჭერდა მხარს ოკუპანტებს, დაისჯებით.მათ, ვისაც აიძულეს პასპორტის აღება, აიძულეს მისი მიღება პენსიის ან სხვა მიზეზების გამო, არავინ დასჯის.
მაგრამ ეს უნდა დაადგინონ საგამოძიებო ორგანოებმა და სასამართლომ.“– ამბობს არესტოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქში ის პედაგოგები დააკავეს, ვინც ბავშვებს რუსული პროგრამით ასწავლიდა.
ამის შესახებ უკრაინის ვიცე–პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა:
“მათ დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სასჯელის ვადა სერიოზულია.“
სასჯელის ვადა მსგავსი დანაშაულისთვის 12–15 წელია.
საუბარია იმაზე, რომ მასწავლებლების ნაწილი რუსეთიდან ჩავიდა, ნაწილი კი ადგილობრივია, ვინც რუსებთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.