დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მითვალთვალებდნენ – გაბუნია და გვარამია დაკითხვაზე მივიდნენ

მთავარი არხის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის ორგანიზების საქმეზე საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე მივიდნენ. ისინი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხებიან.

გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, მას დაახლოებით 2 თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. ამაზე ინფორმაცია სუს-ის წყაროდან მიიღეს.

15 ივნისს ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეთნიკურად ინგუში რუსეთის მოქალაქე საქართველოში გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. გვარამიასვე ცნობით, მკვლელობა ბოკოვს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.