უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციაზე ცინიკური განცხადება გააკეთა. მან პარტიების ლიდერები “ნახევრად სერიოზულად” დაახასიათა და თქვა, რომ ისინი “დააკლდათ”.
„ძალიან მოკლედ მინდა შევეხო პარლამენტშია არსებულ სურათს. დღევანდელ სურათს ძალიან დააკლდა ოპოზიცია. დღევანდელ სურათს დააკლდა გიგა ბოკერიას და მისი 3%-იანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასთან და კატასტროფული საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით;
ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ სწორედ ქართული ოცნებაა ჭეშმარიტად პროდასავლური პარტია ნაციონალური მოძრაობა კი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი, თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს;
ძალიან დაგვაკლდა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის, ელენე ხოშტარიას მიერ სხდომათა დარბაზში გაჟღერებული რუსეთის ჰიმნი; პარლამენტში ძალიან დაგვაკლდა რუსულად ნამღერი თბილისო; ძალიან დაგვაკლდა პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური შემადგენლის, პრორუსული პროპაგანდა;
ძალიან დაგვაკლდა გიორგი ვაშაძე-აღმაშენებლის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარებული სწრაფი კოვიდ ტესტი;
ძალიან დაგვაკლდა პროსტიტუციისა და ნარკომანიის პროპაგანდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესრულებით;
ძალიან დაგვაკლდა ნიკანორ მელიას „ვაჟკაცური“ პროვოკაციები;
ძალიან დაგვაკლდა სხდომათა დარბაზში მოსხმული ტოქსიკური სითხე;
ძალიან დაგვაკლდა ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე, უბრალოდ დაგვაკლდა;
ძალიან დაგვაკლდა შალვა ნათელაშვილის კომპეტენცია და პატიოსნება;
ძალიან დაგვაკლდნენ სულხან სიბაშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და დავით ხაჯიშვილი, ესენი რას გაგვიკეთებდნენ, ფაქტია რომ მაინც დაგვაკლდნენ.
ეს ნახევრად სერიოზულად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ერთპარტიული პარლამენტის სხდომაზე, სადაც მთავრობას ნდობა გამოუცხადეს.