დაგვიანონსეს – თურმე 13 სექტემბრიდან გაახვევენ თბილისს ცეცხლის ალში – ზარქუა

“დაგვიანონსეს, რომ თურმე 13 სექტემბრიდან მორიგ ჯერზე გაახვევენ დედაქალაქს ცეცხლის ალში, გადაკეტვები, პიკეტირება, შემდეგ ახალგაზრდების ჩართულობა.” – ასე აფასებს ივანიშვილის დეპუტატი ირაკლი ზარქუა 8 პარტიის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 13 სექტემბერს გაიმართება საპროტესტო მარში – “არა რუსულ რეჟიმს! დაიცავი უვიზო რეჟიმი, დაიცავი დამოუკიდებლობა”.

“ამჯერად, IRI-ის რეგიონული ხელმძღვანელი, დიპიროა გვარად, თუ არ ვცდები მისი გვარი. ჩვენ ვამბობდით რამდენიმე დღის წინ, ვაუწყეთ საზოგადოებას, რომ ისევ ქაოსი, ისევ დაძაბულობა, რადიკალიზაცია, ამ ახალგაზრდების გადამზადება და გამოყენება და ეს ყველაფერი დაიწყებოდა 13 სექტემბრიდან და თქვენ ნახეთ, გუშინ ბრიფინგი გამართა რუსეთიდან დაფინანსებულმა ქალბატონმა ხოშტარიამ, მისი ოჯახი ფინანსდება დღემდე და უსირცხვილოდ მაინც არ ეშვებიან ამ თემას, დაიმალონ მაინც და არ გამოჩნდნენ საზოგადოებაში, არა, ასე უტიფრად, უსირცხვილოდ, იმიტომ რომ რუსული ყაიდის ოპოზიცია გვყავს რადიკალები და რუსეთიდან ფინანსდებიან.

შესაბამისად, დაგვიანონსეს, რომ თურმე 13 სექტემბრიდან მორიგ ჯერზე გაახვევენ დედაქალაქს ცეცხლის ალში, გადაკეტვები, პიკეტირება, შემდეგ ახალგაზრდების ჩართულობა და ერთს ემსახურება ეს, ერთ საქმეს და ამოცანას – ხელისუფლება შეიცვალოს ძალადობრივი გზით, დასვან მარიონეტები და შემდეგ უკვე მიაღებინონ ის კანონი და ის გადაწყვეტილებები, რაც არ არის საქართველოს ინტერესებში, ქართველი ხალხის ინტერესებში.

მე ამათ უნდა ვუთხრა, დი პიროებს და მათ მიმდევრებს, არაფერი გამოგივათ, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ საქართველოს მისია, ამოცანა არის, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს” – თქვა ზარქუამ.