შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნისთვის გარყვნილი ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალის გაგზავნისთვისა და სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერის ბრალდებით 1966 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ., მისი შვილის სახელით დარეგისტრირებული სოციალური ქსელების – „ფეისბუქის“ და „კონტაქტის“ საშუალებით სისტემატიურად უკავშირდებოდა უცხოეთში მცხოვრებ 12 წლის გოგონას და გარყვნილი ხასიათის შემცველ შეტყობინებებს, ვიდეო და ფოტო მასალას უგზავნიდა. დადგენილია ასევე, რომ გოგონასთან სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერას ბრალდებული 2 წლის განმავლობაში აწარმოებდა, რითაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას წინასწარი შეცნობით სჩადიოდა”,- წერია შსს-ს განცხადებაში.
პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ტელეფონები და კომპიუტერები, სადაც ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები არის დაფიქსირებული.
გამოძიება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.