დავაკავეთ კაცი, რომელმაც ხარაგაულში სანადირო თოფით მეზობელი მოკლა – შსს

შსს-ს თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში მეზობლის სანადირო თოფით მკვლელობისთვის 1990 წელს დაბადებული ვ.კ დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს – 1963 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო”,– აცხადებს შსს.

მათივე ცნობით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს. დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.