დავაკავეთ პირი, რომელმაც ფონიჭალაში ლექსო ლაშქარავას ჰეროინი მიჰყიდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1987 წელს დაბადებული ფ.ა, რომელმაც, უწყების მტკიცებით, ლექსო ლაშქარავას 10 ივლისს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი მიყიდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას და 2021 წლის 10 ივლისს, ფონიჭალაში, სწორედ მან გაასაღა ტვ-პირველის ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავაზე და მის თანმხლებ პირებზე, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

სამართალდამცველების მიერ საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა: დაიკითხა ათეულობით მოწმე, ჩატარდა მათთან ამოცნობები, დათვალიერდა არაერთი ვიდეოჩანაწერი და მიღებულ იქნა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცავებმა ბრალდებული 17 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული, ოთხ შეკვრად დაფასოებული, ხოლო საცხოვრებელი ბინიდან სამ შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო”. –წერია უწყების განცხადებაში.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.