“დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ” – პროკურატურამ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ბრალი დააზუსტა

კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალი დაკავებიდან 4 თვის შემდეგ დააზუსტა.  საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, დააკავებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზეზი დანაშაულის მოტივი გახდა. როგორც მიხეილ სადრაძე განმარტავს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. პროკურორის თქმითვე, საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომელის დემონსტრირებასაც საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს.

„დღეს მოხდა ბრალდებულებისათვის ბრალის დაზუსტება და სწორედ დაზუსტებული ბრალის წარდგენის პროცედურები უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება ბრალის დაზუსტების საფძველს, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, დავაანონსეთ, რომ მოტვი დადგენილი და გამოკვეთილი გვქონდა, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გასაჯაროებისგან თავს ვიკავებდით, რადგან ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძებები მიმდინარეობდა, დღეს უკვე შესაძლებლობა გვაქვს, თავისუფლად ვისაუბროთ მოტივთან დაკავშირებით და საზოგადოებას მივაწოდოთ.

დადგენილი არის, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ და ასევე დავალებების შესაბამისად, ზემდგომი პირების, ზემდგომი თანმდებობის პირების დავალებების შესაბამისად საუბრობდნენ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, თუ რა ადასტურებს ამ გარემოებას. პირველი, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, თუმცა, ყველაზე მთავარი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებია, ეს არის აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც პრაქტიკულად ვიზუალური დემონსტრაციაა, როგორც ამ გარემოების – მოტივთან დაკავშირებით, ასევე ყველა მნიშვნელოვანი გარემოების, რაც ბრალდებულების ქმედებებს ნარატივად გასდევდა. აქვე დაავაანონსებ, რომ უახლოეს მომავალში, ყველა ამ გარემოებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ჩვენ ამის დემონსტრაციას მოვახდენთ, საზოგადოებას ამას ნათლად მივაწდვით და ეს უკვე პრაქტიკულად დოკუმენტური დესკრიპცია იქნება, საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა შეექმნება, როგორც ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ქმედებებთან, ასევე მოტივთან დაკავშირებით“, – განაცხადა სადრაძემ.

მისივე თქმით, ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ შემხებლობაში მყოფი პირების გამოსავლენად გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ფარულ ვიდეო-აუდიო მასალაში მოტივზე, დავალებებთან დაკავშირებით, ყველაფერი ნათლად არის აღბეჭდილი და ამას უალხოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ და დემონსტრაციას მოვახდენთ. რაც შეეხება სხვა პირების პასუხსმგებლობის საკითხს, მათ შორის, ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ შემხებლობაში მყოფი პირების პასუხსმგებლობის საკითხს, ვაგრძელებთ გამოძიებას, გამოყოფილი საქმეა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და აუცილებლად, როცა შესაბამისი შედეგები იქნება, ამასაც რა თქმა უნდა, საზოგადოებას მივაწვდით“, – განაცხადა სადრაძემ.