მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერონ და პარლამენტში შევიდნენ.
“არავის ზემოდან არ ვუყურებ, არავის ნიშნის მოგებით არ ველაპარაკები. დავეშვათ მიწაზე, თვალი გავუსწოროთ არ გაღატაკებულ ქვეყანას, ეს კრიზისი დავასრულოთ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას და პარლამენტიდან ვიბრძოლოთ უკეთესი ქვეყნისთვის. თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოვემზადოთ რეალურად შეცვლილი საარჩევნო სისტემით”,– ამბობს ელისაშვილი ტვ პირველის ეთერში.
მისივე განცხადებით, აშშ–ის ელჩმა, კელი დეგნანმა მკაფიოდ თქვა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება მნიშვნელოვანია.
“ამერიკის ელჩი ტურისტი კი არ არის, რომელიც აქ ჩამოვიდა ამერიკიდან ზურგჩანთით და ბუტერბროდი უდევს და რაღაცებს თავისთვის ლაპარაკობს, ის არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი, ყველაზე მდიდარი და გავლენიანი, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის საგანგებო წარმომადგენელი. და როდესაც ელჩი ლაპარაკობს, ის ლაპარაკობს შეერთებული შტატების, სახელმწიფოს სახელით. გუშინ მგონი ძალიან მკაფიოდ მოისმინეს ეს ყველაფერი. ქალბატონი დეგნანი განსაკუთრებით იმიტომ მიყვარს, რომ მას სამხედრო წარსულიც აქვს. ამიტომ ძალიან გასაგებად ლაპარაკობდა – ეს ქვეყანა თუ გიყვართ, მაშინ კომპრომისებისთვის მზად იყავითო და საარჩევნო სისტემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მარტო ამისთვის ღირს შეთანხმებაო, რა ვქნა, ამას ვიზიარებ”,– თქვა ელისაშვილმა.