დავით ბაქრაძე საპარლამენტო ბოიკოტს უერთდება

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს უერთდება და ყოველდღიურ საპარლამენტო მუშაობაში ჩართულობაზე უარს აცხადებს.

“დღეს დილით დავბრუნდი საქართველოში, არ მქონდა საშუალება გუშინ გამომეხატა ჩემი პოზიცია, როდესაც საპარლამენტო ფრაქციებმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ლელომ” განაცხადეს, რომ უარს ამბობენ პარლამენტის ყოველდღიურ მუშაობაში ჩართულობაზე. ამ პოზიციას, რა თქმა უნდა, მთლიანად ვიზიარებ და ვუერთდები. ამ ფონზე, როდესაც არათუ არ არის გამოძიებული და დასჯილი არ არიან დამნაშავეები, არამედ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ლექსო ლაშქარავას დააბრალოს საკუთარი სიკვდილი, წარმოუდგენლად მეჩვენება პარლამენტის პლენარულ დარბაზში შესვლა და საკითხებზე მსჯელობა”, -განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო მუშაობას წყვეტს და მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასა და კონსტიტუციის კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას.