დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა

საქართველოს ვიცე პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით 16-17 მაისს უკრაინას ეწვევა. ის კიევში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას, თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებსა და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.

“კიევში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს სამი ასოცირებული ქვეყნის – მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მინისტრები განიხილავენ სამი ქვეყნის შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გასაძლიერებლად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტისთვის სამზადისს, ასევე იმსჯელებენ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე”, -აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.