დავით ზურაბიშვილი რესპუბლიკურ პარტიას ტოვებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება “ხანგრძლივი ფიქრის, განსჯისა და შინაგანი ბრძოლის შემდეგ” მიიღო. მისივე თქმით, სხვა პარტიაში შესვლას არ აპირებს.
ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტსა და ძალთა განლაგებაში თავის თავს და ადგილს ვერ ხედავს.
“გაცნობებთ, რომ ხანგრძლივი ფიქრის, განსჯის და შინაგანი ბრძოლის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება ჩამოვცილდე პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობას და, შესაბამისად, დავტოვო რესპუბლიკური პარტია. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის ხელმძღვანელობა ინფორმირებულია და საქმის კურსშია..
აქვე აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე დაწვრილებით ლაპარაკს და ახსნა-განმარტებებს არ ვაპირებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში და ძალთა განლაგებაში ვერსად ვერ ვხედავ ჩემს თავს და ჩემს ადგილს.
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი მე 2007 წელს გავხდი და შეიძლება ითქვას, რომ როგორც პოლიტიკოსი, სწორედ ამ პარტიაში შევდექი. ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ პარტიასთან, მის ახლანდელ თუ ძველ წევრებთან და მადლობის გარდა მათ მიმართ არაფერი მეთქმის, მაგრამ, როგორც იტყვიან, არაფერია მარადიული მზისა ქვეშე.
შეგნებულად არ ვხმარობ ისეთ გამოთქმას, როგორიცაა “პოლიტიკიდან წასვლა”, რადგან მართალია, აღარ ვარ დღეიდან პრაქტიკოსი პოლიტიკოსი, არ ვაპირებ არცერთ სხვა პარტიაში გადასვლას და არც კენჭისყრას ამ არჩევნებში, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ყოფა ისეთია, რომ პოლიტიკიდან ვერსად წახვალ და ვერ გაიქცევი. უბრალოდ, ამიერიდან მე წარმოვადგენ მხოლოდ ჩემს თავს და არავის სხვას. ვერ ვიტყვი, რომ პარტიაში რამე შეზღუდვა მქონდა სიტყვის თავისუფლების მხრივ, მაგრამ რა თავისუფალი ატმოსფეროც უნდა იყოს, პარტიის წევრობა მაინც გარკვეულ გუნდურ ვალდებულებებს გაკისრებს.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვრჩები ოპოზიციონერად და ხელისუფლების ოპონენტად. მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს არა აქვს წინსვლის და განვითარების პერსპექტივა და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პროდასავლური კოალიციური ხელისუფლებით. ამის თაობაზე და საერთოდ მიმდინარე პროცესებზე ვაპირებ ინდივიდუალურ რეჟიმში გამოვთქვა და დავწერო ხოლმე ჩემი სუბიექტური მოსაზრებები, როგორც დამკვირვებელმა და ანალიტიკოსმა. ამ მხრივ პასიური ნამდვილად არ ვიქნები და ყველას ვთხოვ, თუ რაიმე არ მოეწონებათ ჩემს აზრებში, პარტიას ნუღარ დაუწყებენ გინებას, შეუძლიათ პირდაპირ პერსონაზე გადმოვიდნენ.
სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა.
P. S. კიდევ ერთხელ შევნიშნავ, რომ პარტიიდან წასვლის მიზეზებზე ტყუილად არავინ მკითხოთ. რაც აქ მიწერია, იმაზე მეტს მაინც ვერაფერს ვიტყვი” – წერს ზურაბიშვილი.