დავით ქაცარავა სუს-ში დაკითხვაზე იმყოფება

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას” ლიდერი ამ წუთებში საგამოძიებო უწყებაში დავით გარეჯის საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იმყოფება.

„ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას.კერძოდ, ეს პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით“, – განაცხადა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

“ეს არის წმინდა პოლიტიკური პროცესი, რაც ემსახურება ერთ მიზანს – ჩემი როგორც, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის შეჩერებასა და განეიტრალებას. არ დასრულდება ალბათ და ეს არჩევნებამდე გაგრძელდება. რაც შეეხება ჩემს სუს-ში დაბარებას, ეს სიურპიზი იყო, რადგან როცა ვიკითხე რა თემაზე მიბარებდნენ, გარეჯთან დაკავშირებით მოწმედ უნდა დაგკითხოთო. ძალიან უცნაურია ამ თემაზე ჩემი დაკითხვა”,-აცხადებს დავით ქაცარავა.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა 30 მაისს რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამი იყო რომ საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას