ელჩი უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან გაიწვია 2022 წლის 1 მარტს ანუ ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს და ამისათვის დასახელდა 2 საბაბი. ერთი იყო რუსეთისთვის სანქციების არ დაწესება და დღეს ოპოზიცია აცხადებს ღიად, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ იქნებოდა სწორი, ჩვენს გზავნილებს იმეორებენ ახლა, ორი წლის თავზე. მეორე საბაბი იყო ის, რომ ჩვენ არ გავგზავნეთ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები ჩვენი თვითმფრინავებით. ამ ორი საბაბით და არა მიზეზით უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოს ელჩი, შესაბამისად, აშკარაა რა იყო მოტივი ამ ყველაფრის უკან, რაზეც ღიად საუბრობდნენ მოგვიანებით უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, გახსოვთ, [მიხაილო] პოდოლიაკი, [ოლექსი] დანილოვი ღიად მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნას. […] აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს არის სწორედ უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, რაც იყო უკიდურესად არამეგობრული გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ჩვენს მიდგომას უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ჩვენ ყველა შემთხვევაში, ასეც და ისეც, დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რადგან ეს სჭირდება ჩვენგან უკრაინელ ხალხს.