დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანება კოღოს ნაკბენია – ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის, ზაზა ალავრედაშვილის ადვოკატის, ბონდო ვათიაშვილის თქმით, 35 წლის დაზარალებული ქალის სხეულზე არსებული დაზიანება კოღოს ნაკბენია.

მისივე განმარტებით, საქმეში მხოლოდ დაზარალებული ჩვენებაა, პოლიციელი კი ბრალს არ აღიარებს.

„ბრალის დადგენილების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე სამსახურეობრივი მანქანა არის, მაგრამ მტკიცებულების სახით მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება გვაქვს. ექსპერტიზის დასკვნა არის, მაგრამ დაზარალებულის მიმართ კოღოს ნაკბენია აღწერილი, როგორც მსუბუქი დაზიანება. დაზიანება, რომელიც ამ პერიოდს ემთხვევა, ის არის კოღოს ნაკბენი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს“, – აცხადებს ვათიაშვილი.

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს, ზაზა ალავერდაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება 35 წლის ქალის გაუპატიურებას ედავება.

საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.