დაზუსტებები უნდა შევიტანოთ კანონში, რომ მთავრობას შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედება შეეძლოს – მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ახალ კანონპროექტს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს.

მისი თქმით, ან საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს, ან კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომელიც მთავრობას შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედების საშუალებას მისცემს.

“ახლა ჩვენ ვდგავართ რამდენიმე არჩევანის წინაშე: ერთი, ან უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა იმ მინიმალური შეზღუდვებისთვისაც კი, რაც საჭიროა, რომ რისკები არ გაიზარდოს ან ჩვენ გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ კანონში, რომ მთავრობას ჰქონდეს ამ მინიმალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედების საშუალება, რომ ბოლომდე დაწიონ რისკები. ან უნდა ვთქვათ, რომ ბოდიში ჟარგონისთვის, მივუშვათ ეს პროცესი და თუ გვეყოლება ათეული ასეული და ხელახლა მოხდება აფეთქება, ისევ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა.

მე მგონია და ეს გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, რომ შეზღუდვების შესახებ გარკვეული დაზუსტებები შევიდეს კანონში, რათა მინიმალური შეზღუდვებით გავიდეთ ფონს და მოვუფრთხილდეთ, პირველ რიგში, ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს,“- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ხვალ ბიუროს სხდომაზე ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” ცვლილებებების პროექტის ინიცირება მოხდება, რაც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას შეზღუდვების გარეშე მისცემს.

პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრებს ღონისძიებებს, რომელიც ,,საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად”.

მისი ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.