საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ეხმაურება ქართველი ჩოგბურთელის, ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მოხვდა, თუმცა საქართველოდან განაცხადი არ გაგზავნეს, რის გამოც მონაწილებას ვერ მიიღებს.
ფედერაციის განმარტებით, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს დათქმულ ვადაში მიაწოდეს ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რის შემდეგაც კომიტეტმა, ნიკოლოზ ბასილაშვილის განაცხადთან ერთად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წარუდგინა პოტენციური ოლიმპიელების კანდიდატურები.
“საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებიც მრავალი წელია აღნიშნულ საქმეს ემსახურებიან და კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იმედს იტოვებს, რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უმოკლეს დროში დაადგენს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობებს, რა მიზეზით ვერ მიიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ლიცენზიები და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ტოკიოს ოლიმპიადაზე რეიტინგით ქართველებზე უკან მდგომი ნაკრები გუნდები”,– წერია ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებაში.