“დაისვა კითხვა უკრაინაზე, ჩემს იქ ყოფნაზე.. ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინებაა ” – აცხადებს ამის შესახებ, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ნადიმ ხმალაძე, რომელიც მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კითხვები ტერორიზმის და “სახელმწიფო ამბოხის” საქმეებს ეხებოდა.
“დაისვა კითხვები ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე. ჩემს საქმიანობაზე წარსულში. ოღონდ ძალიან შორს წარსულში. დაისვა კითხვა უკრაინაზე, ჩემს იქ ყოფნასთან დაკავშირებით და ჩვეულებრივი, რაღაც ყოფითი კითხვები. არც შენობაზე ყოფილა საუბარი, არც კონკრეტულად ვინმე პირზე, ზოგადი საუბარი იყო – ხომ არ მაქვს ვინმესთან უცხოეთში კავშირი. ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება, შეშინება თუ რაღაც ასეთი”, – განაცხადა ნადიმ ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთანავე, დღეს უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა კიდევ ერთი ვეტერანი კონსტანტინე ჯღამაია, რომელმაც მას შემდეგ, რაც გაიგო რა საქმეზე იბარებენ, გადაწყვიტა რომ მანაც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვოს.
სუს-სგან შეტყობინება გამოკითხვის შესახებ მიიღეს ომის სხვა ვეტერანებმაც – ვაჟა ცეცაძემ, ბესო ბენდელიანმა და ლაშა ჭიღლაძემ.