“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია განმარტავს, რატომ არ მონაწილეობდა 5-6 ივლისის მოვლენებში. მისი თქმით, 5 ივლისს, როდესაც ორკებმა ჟურნალისტებზე იძალადეს, თბილისში არ იმყოფებოდა.
მისი თქმით, 6 ივლისის აქციაზე იმიტომ არ მივიდა, რომ ძალადობის რისკებს გაზრდიდა და “დაიღვრებოდა სისხლი”.
“მეორე დღეს ვიყავი თბილისში და შეგნებულად არ ჩავედი რუსთაველის გამზირზე. ეს იყო ჩემი ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება, მე იქ არ ვყოფილიყავი. და რატომ: მე მქონდა ინფორმაცია, ისევე, როგორც სხვადასხვა შემთხვევებში – როგორც ჩვენგან ჟონავს ინფორმაცია, ასევე ჟონავს მათგანაც, – რომ ჩემი იქ ჩასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას. მეტიც, დარწმუნებული ვარ, ეჭვი საერთოდ არ მეპარება, რომ იქ, პრაქტიკულად, დაიღვრებოდა სისხლი. თანაც ისე დაიღვრებოდა, რომ “ქართულ ოცნებას” არ გაუჭირდებოდა, რომ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ მე გამოვეყვანე”,– ამბობს მელია TV პირველის ეთერში.
ის ასევე აღნიშნავს, რომ კორდონი მაშინ გაირღვეოდა, როცა “ქართული ოცნება” საჭიროდ ჩათვლიდა.