აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა წევრებმა წერილით მიმართეს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რათა მან გამოიყენოს ყველა არსებული ბერკეტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამერიკის თანამშრომლებზე თავდასხმების შესაჩერებლად.
წერილში, რომელსაც ხელს აწერენ სენატორები ჯინ შაჰინი, როჯერ ვიკერი, შელდონ უაითჰაუსი, ჯონ კერტისი და კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი, აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებები — თითქოს აშშ რევოლუციას ამზადებდა საქართველოში — წარმოადგენს მცდარ და სახიფათო ბრალდებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის USAID-ის ყოფილ ადგილობრივ თანამშრომლებს.
სენატორები მოუწოდებენ სახელმწიფო დეპარტამენტს, მოითხოვოს საქართველოს მთავრობისგან ამ ცრუ ბრალდებების საჯარო უარყოფა და უზრუნველყოს, რომ ამერიკის სახელით მომუშავე არც ერთი პირი არ გახდეს დევნის ან დისკრედიტაციის სამიზნე.
წერილში ხაზგასმულია, რომ მსგავსი ქმედებები არღვევს ორმხრივ ურთიერთობებს და ქმნის საზიანო პრეცედენტს სხვა ქვეყნებისთვისაც. „ქართულ ოცნებას არ გამოუვლენია რეალური სურვილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ,“ — აღნიშნულია სენატორთა განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ვაშინგტონი, DC 20510–6225
2025 წლის 5 ნოემბერი
ძვირფასო სახელმწიფო მდივანო რუბიო,
გწერთ იმ იმედით, რომ გამოიყენებთ თქვენს განკარგულებაში არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დაიცვათ ყოფილი ამერიკელი თანამშრომლები, რომლებიც უსამართლოდ გახდნენ საქართველოს ხელისუფლების სამიზნე ანტიამერიკული ქმედებების ახალი ტალღის ფარგლებში.
“ქართული ოცნების “ ხელმძღვანელობით მოქმედი ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ სურს ურთიერთობების აღდგენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა მათი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროს ამტკიცებს.
გთხოვთ, მოითხოვოთ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ ყოფილი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თანამშრომლები (Foreign Service Nationals — FSNs) და სხვა პირები, რომლებიც მუშაობდნენ აშშ-ს სახელით, არ გახდებიან თავდასხმის ან დისკრედიტაციის სამიზნე.
2025 წლის 1 ოქტომბერს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ შეერთებული შტატების მთავრობა დაადანაშაულა რევოლუციის ორგანიზებაში, თითქოს ის ადგილობრივ თანამშრომლებს უხდიდა თანხებს — რაც სინამდვილეში იყო კანონით გათვალისწინებული პენსიის გადახდა აშშ-ს თანამშრომლებისთვის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ.
მდინარაძის განცხადებები ქართული ოცნების პოლიტიკოსებმაც გაიმეორეს.
ეს მცდარი ინტერპრეტაცია საფრთხეს უქმნის ადგილობრივ თანამშრომლებს და აჩვენებს მნიშვნელოვან ფაქტს: „ქართული ოცნება“ რეალურად არ ცდილობს აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას.
მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, 6 ოქტომბერს საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრის მოთხოვნაზე ამ საკითხის განსახილველად.ასევე მოვითხოვთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას , ოფიციალურად და საჯაროდ უარყოს ეს ცილისმწამებლური განცხადებები.
მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ უპასუხოს ამ ნარატივს, რომელიც საფრთხეს უქმნის აშშ-ს თანამშრომლებს საქართველოში და ქმნის საშიშ პრეცედენტს სხვა ქვეყნებისათვისაც.ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, აირჩიოს ნაყოფიერი და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა აშშ-სთან, და შეწყვიტოს ამერიკელი პარტნიორების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.
შეერთებული შტატების მთავრობა დიდწილად ეყრდნობა ადგილობრივ თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებენ სახელმწიფო უწყებებისა და სააგენტოების დავალებებს.თუ ჩვენ არ დავიცავთ ამ ადამიანებს უცხო ქვეყნების ხელისუფლების თავდასხმებისგან, ამას ექნება მძიმე შედეგი — შეიზღუდება ჩვენი შესაძლებლობა, დავიქირავოთ კვალიფიციური კადრები და განხორციელდეს ამერიკის საგარეო პოლიტიკა მთელ მსოფლიოში.
გთხოვთ, მკაფიოდ დაგმოთ ეს თავდასხმები და უზრუნველყოთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ადგილობრივი თანამშრომლების დასაცავად, რომლებიც მუშაობენ შეერთებული შტატების სახელით –სადაც არ უნდა წარმოიშვას ასეთი საფრთხე.
პატივისცემით,
სენატორი ჯინ შაჰინი (Jeanne Shaheen)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრი
სენატორი შელდონ უაითჰაუსი (Sheldon Whitehouse)
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის წამყვანი წევრი
სენატორი როჯერ ვიკერი (Roger Wicker)
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე
სენატორი ჯონ კერტისი (John Curtis)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი
წარმომადგენელი ჯო უილსონი (Joe Wilson)
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის თანათავმჯდომარე
წარმომადგენელი სტივ კოენი (Steve Cohen)
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის წამყვანი წევრი















