დაიცავით რეკომენდაციები, რათა არ გამკაცრდეს რეგულაციები – მთავრობა მოქალაქეებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესება საჭირო არ გახდეს.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ “ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა გლობალურად არსებული ტენდენციაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა უმნიშვნელოვანესია, პროცესი მართვადი იყოს, რათა მინიმალური ზიანი მიადგეს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ისე – ქვეყნის ეკონომიკას”.

“საბჭოს წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ინფიცირების შემთხვევების გაზრდის მიუხედავად, მთავრობა სრულად მართავს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებას. ამასთან, კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების მიერ რეკომენდაციების აღსრულების კონტროლის გამკაცრებაზე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია და დახურულ სივრცეებში, ისევე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ატარონ პირბადე” – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 45 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1321 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.