ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
მისი თქმით, პოლიტიკური ძალაუფლებისთვის რეჟიმი არ ერიდება ადამიანების შანტაჟსა და მუქარას, მათ ყველაზე უფრო მძიმე სიბინძურეში გახვევას.
“შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადამიანი, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, დღეს უბრალოდ აღარ არის. კი, ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეჟიმმა ვეღარ გაბედოს ადამიანების შანტაჟი წინასაარჩევნოდ თუ არჩევნების შემდეგ.
ჩვენი საკრებულოს დეპუტატთან, თანამებრძოლთან, რეჟიმმა გააგზავნა ასლან აბაშიძის ყოფილი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, დააშანტაჟეს, ადამიანი იმდენად ნერვიულობდა საკუთარ ოჯახზე, შვილებზე და ამას იგი ხმამაღლა ამბობდა და მან ვეღარ გაუძლო […].
დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო, საგამოძიებო ორგანოების მიერ დაუყოვნებლივ იქნას მხილებული ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა შანტაჟსა და მოსყიდვაში, დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება ყველა იმ ინსტიტუტის მიერ, რომელსაც რეალურად ევალება რომ გამოიძიოს, დაადგინოს ის ყველაფერი, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. დარწმუნებული იყავით, ეს არავის შერჩება!”,- ამბობს ხატია დეკანოიძე ბრიფინგზე.
ენმ-ს წევრის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, ფუტკარაძეზე ზეწოლა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით განხორციელდა. ამ ბრალდებას გამოეხმაურა რიჟვაძე და თქვა, რომ თუ მისი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, რომელიც ენმ-ს აქვს, ყველას ბოდიშის მოხდას მოსთხოვს.