დაიჭირეს, ვერ უშველა ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ – კობახიძე მელიაზე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ენმ-ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას “კაცობის ნიშანწყალი არ აქვს”.

“ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის და სწორედ ამას უკავშირდება მათ შორის ის დანაშაულები, რომელიც ჩაიდინა და ის პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც დღეს მისგან ვისმენდით. ეს არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და დასჯილი სკოლის მოსწავლესავით ისმენდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინა მომავალში. ასეთი პოლიტიკოსების და ასეთი პარტიების მომავალი ქართულ დემოკრატიულ სისტემაში არ არის და ვერ იქნება”,– თქვა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, მელია მაინც დაიჭირეს და მას ვერც გახარიამ და ვერც გვარამიამ ვერ უშველა.

“არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ – ყველას გახსოვთ ნიკანორ მელიას ეს ცნობილი ფრაზა. ისიც გვახსოვს, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს – ვერ უშველა ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ. ვერ გამიხდით, არ გამოვალო – ესაც გვახსოვს. ბოლოს დათანხმდა, გადაახდევინა და გამოვიდა”,– აღნიშნა კობახიძემ.