“დაკავებულიდან ერთ-ერთს აღენიშნებოდა შეშუპებები, სისხლნაჟღენთები, ნაკაწრები” – სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული აქტივისტები, ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი მოინახულეს.
„დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადეს. ერთ-ერთ მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები კიდურებზე.
სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და შემდგომშიც გააგრძელებს მიმდინარე სამართალწარმოების მონიტორინგს”, – წერია განცხადებაში.
22 მაისს ზურაბ ჯაფარიძის პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები, ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ალბი კორძაია სოციალურ ქსელში ლაივ ვიდეოს იღებდა, სადაც ბოლო კადრში ჩანს, რომ პოლიცია მათ აკავებს, რის მერეც ვიდეო წყდება.