დაკავებული 9 ადამიანი ტაქსის მძღოლებს “ქურდულ საერთოში” ფულის გადახდას აიძულებდა – შსს

”დაკავებული 9 ადამიანი ტაქსის მძღოლებს “ქურდულ საერთოში” ფულის გადახდას აიძულებდა” –  შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დღეს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 9 ადამიანი დააკავა.  მათ ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდული სამყაროსთვის მიმართვა და ქურდული სამყაროსთვის მხარდაჭერა.

დაკავებულები საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდის დავალებით და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის დამსახურებით, 2021 წლის მაისიდან ორგანიზებას უწევდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე თვითდასაქმებული ტაქსის მძღოლებისგან “ქურდული საერთოს” შეგროვებას. ბრალდებულები უზრუნველყოფდნენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე კერძო ტაქსის მძღოლებს ე.წ ქურდულ საერთოში მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარი შეეტანათ, სანაცვლოდ კი მათ აეროპორტის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას აძლევდნენ. ამის კონტროლს ახორციელებდნენ ქურდული სამყაროს მხარდამჭერების მეშვეობით.

ტაქსის მძღოლებს, რომლებიც უარს ამბობდნენ თანხის ნახევრის გადახდაზე, დაშინების და მუქარის გზით უკრძალავდნენ აეროპორტის ტერიტორიაზე მუშაობას.

დაკავებულები არიან:

1992 წელს დაბადებული გ.ლ. (მეტსახელად „აბაშა“), 1993 წელს დაბადებული ბ.ჟ., 1984 წელს დაბადებული გ.გ., 1992 წელს დაბადებული გ.მ. (მეტსახელად „ბუბლიკა“), 1989 წელს დაბადებული დ.გ., 1990 წელს დაბადებული გ.კ., 1997 წელს დაბადებული გ.თ., 1962 წელს დაბადებული ნ. ჩ. (მეტსახელად „მეგრელა“) და 1991 წელს დაბადებული დ.ს.