სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულმა პირებმა არასრულწლოვანზე 2020 წლიდან სექსუალურად რამდენჯერმე იძალადეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2018 წელს დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი დანაშაულის შესახებ შეტყობინება 2021 წლის 23 ივნისს მიიღო და ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. სამართალდამცველებმა ბ.გ და ზ.გ 23 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა. ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს სამეგრელოში, მარტვილში დაწვეს 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული 60 წლის კაცის და მისი შვილის სახლი.