ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ეხმიანება “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც იმნაძე-გამყრელიძე-ცერცვაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
“ბედის ირონიაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პიროვნება, რომელიც სახელმწიფო წესრიგის მოშლის და ადამიანებში ყველაზე ქვენა ინსტიქტების გაღვივების მეტი არაფერი გაუკეთებია, იმ ექიმების გასამართლებას ითხოვს?! რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლე გადაარჩინეს და ქვეყანას მასშტაბური COVID ტრაგედია ააცილეს. არაფერს ვამბობთ ათეულ ათასობით C ჰეპატიტით ავადმყოფების სიცოცხლის გადარჩენაზე. ისე საინტერესოა, ბ-ნი ზურაბი ჩვენთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს.
ბ-ნი ზურაბის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ საქართველო „1 მილიონ ადამიანზე COVID გარდაცვლილების რაოდენობით 222 ქვეყანას/ერთეულს შორის 39-ე ადგილზეა“, რაც, მისი აზრით, ჩვენს ქვეყანაში COVID კატასტროფის მაჩვენებელია”,– წერს ცერცვაძე.
მისი თქმით, “ჭკუათმყოფელი ადამიანი არ დაიჯერებს, რომ სირია, ავღანეთი და კიდევ 150 ქვეყანა უკეთესად მართავენ პანდემიას, ვიდრე აშშ და ევროპის ქვეყნები, რადგან მათ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ამ განვითარებულ ქვეყნებზე დაბალი სიკვდილიანობა აქვთ.
“ეს არც ბ-ნ ზურაბს სჯერა (მას ხომ ინტელექტი უდავოდ არ აკლია), მაგრამ ეს მას ნაკლებად ადარდებს. მთავარია ხალხი მოატყუოს და ხელისუფლების წინააღმდეგ აამხედროს.
კონკრეტულად კიდევ რა უნდა გაკეთებულიყო და არ გაკეთდა (ვაქცინაციის დაგვიანების გარდა) ქვეყანაში COVID პანდემიის სამართავად და საიდან იცის ბ-ნმა ზურაბმა, რომ ყველაფერი „მოიპარეს“,– წერს თენგიზ ცერცვაძე.
მისივე განმარტებით, საქართველოში “ლოკდაუნი” იყო, თუმცა ნაკლებად მკაცრი, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში. ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არასდროს ყოფილა ისეთი მკაცრი შეზღუდვები, როგორიცაა: მხოლოდ ერთი პიროვნების სტუმრობის უფლება სხვა ოჯახიდან, მხოლოდ 6 ადამიანის შეკრების უფლება და გაადგილების შეზღუდვა 15 კილომეტრიანი რადიუსით საცხოვრებელი ადგილიდან (გერმანია), კომენდანტის საათი საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე და ა.შ.
თენგიზ ცერცვაძე თხოვს ზურაბ ჯაფარიძეს, მას შეხვდეს და განუმარტოს, რა ნახა მის საქმიანობაში ისეთი, რომ მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
“კერძოდ, მოვითხოვ დაგვისახელოს ჩემს მიერ დაშვებული თუნდაც ერთი სერიოზული სამედიცინო შეცდომა (ვაქცინაციასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს), დაგვისახელოს თუნდაც ერთი ავადმყოფი, რომლისგანაც მე მთელი ჩემი 50-წლიანი საექიმო საქმიანობისას თუნდაც ერთხელ ამიღია რაიმე ჰონორარი გინდ ფორმალურად, გინდ არაფორმალურად (ჩემი ოფიციალური კონსულტაციებიც კი უფასოა).
დამისახელოს ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც მე COVID პანდემიასთან დაკავშირებით რაიმე ფორმით, თუნდაც მინიმალური სარგებელი მიმეღოს. თუ ის ამას ვერ შესძლებს, მაშინ მე მოვითხოვ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ჩემი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოკლედ, დემაგოგია ძალიან ცუდია, მაგრამ როდესაც იგი ინტელექტუალური პიროვნებებიდან მოდის საშინელებაა და დამანგრეველია სახელმწიფოსთვის”,– აცხადებს ცერცვაძე.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ 14 ივნისს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში სრული ლოქდაუნითა და შეზღუდვებით ეკონომიკა ჩამოშალა, რის გამოც პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძისა და თენგიზ ცერცვაძისა პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.