არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” 16:00 საათის შემდეგ, უბნებზე კენჭისყრის დასრულებამდე დაფიქსირებულ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს. ISFED-ის გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოვლინდა მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემა, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობა და მარკირების გაკეთება-შემოწმებასთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები
კვლავ გრძელდებოდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ტენდენცია, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარა/ზეწოლის ფაქტები. ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერებთან დაკავშირებული დარღვევები, მათ შორის ისეთი შემთხვევები როდესაც, ამომრჩეველს შესაბამის ველში მისი სახელით გაკეთებული ხელმოწერა დახვდა. რამდენიმე უბანზე შეინიშნებოდა დაძაბული გარემო.
უბნის გარეთ კვლავ ფიქსირდებოდა პირთა საეჭვო შეკრებისა და ამომრჩეველთა მობილიზების შემთხვევები, მათ შორის ავტომანქანებში. ზოგიერთ უბანზე მიმდინარეობდა ამომრჩეველთა აღრიცხვაც. დაფიქსირდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამკვირვებლებისთვის მტრული გარემოს შექმნის ფაქტები, მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ. Საყურადღებოა, რომ თბილისში გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 2 შემთხვევა.
დარღვევები დაფიქსირდა როგორც უბნის შიგნით, ისე გარეთ, კერძოდ:
- უბნის შიგნით დაფიქსირდა ისეთი სახის დარღვევები, როგორიც არის მარკირების პირთა მიერ ხმის მიცემა, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობა და მარკირების გაკეთება შემოწმებასთან დაკავშირებით სხვა ხარვეზები;
- კვლავ გრძელდებოდა სამართლიანი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ტენდენცია, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა-ზეწოლის ფაქტები;
- ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერებთან დაკავშირებული ფაქტები, მათ შორის ისეთი შემთხვევები, როცა ამომრჩეველს შესაბამის ველში, მისი სახელით გაკეთებული ხელმოწერა დახვდა;
- რამდენიმე უბანზე შეინიშნებოდა უბნის შიგნით დაძაბული გარემო.
რაც შეეხება, უბნის გარე ტერიტორიებს:
- ფიქსირდებოდა პირთა საეჭვო შეკრებისა და ამომრჩეველთა მობილიზების შემთხვევები;
- ზოგიერთ უბანზე მიმდინარეობდა ამომრჩეველთა აღრიცხვა;
- დაფიქსირდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამკვირვებლებისთვის მტრული გარემოს შექმნის ფაქტები, მათ შორის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებზე;
- ამ ეტაპისთვის, 16:00 საათის შემდეგ გარეთ, სავარაუდო, მოსყიდვის ორი ფაქტი დაფიქსირდა.
კოორდინატორების მობილიზება უბანთან
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში შეკრებილი იყო 3 კოორდინატორი, რომლებიც ამომრჩევლებს სატელეფონო კომუნიკაციით ხმის მისაცემად უბანზე მოსვლისკენ მოუწოდებდნენ. “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს განუცხადეს, რომ ისინი “ქართული ოცნებიდან” იყვნენ და ამის უფლება ჰქონდათ;
- #17 თელავის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბნიდან “ქართული ოცნების” აკრედიტებული წარმომადგენელი ხშირად გამოდიოდა და კომუნიკაციას ამყარებდა უბნის მოშორებით, ავტომობილში მყოფ პირთან.
Საეჭვო პირის გადაადგილება საარჩევნო უბანთან
- #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა პირი ამომრჩეველთა სიით. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ პირს ერთ-ერთი ორგანიზაციის დამკვირვებელმა დაუსვა კითხვა ვინაობის შესახებ, პირი გაიქცა.
საჩივრები, განცხადებები
ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 63 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში – 58 საჩივარი. 22 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.